2010 წლის 12 აპრილს, ქ. თბლისის მერმა ხელი მოაწერა ”მერთა შეთანხმებას” და კავკასიის რეგიონში პირველ ქალაქად იქცა, რომელიც შეუერთდა ინიციატივას, რის შედეგადაც თბილისი 2020 წლისთვის ”მცირე ნახშირბადიან ქალაქად” უნდა გადაიქცეს. ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით თბილისის მერია უერთდება ევროკავშირის ინიციატივას სათბური გაზების (CO2) ემისიის 20% შემცირების და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის გეგმის განხორციელების შესახებ. დასახული მიზნების მისაღწევად თბილისმა შემდეგი ვალდებულებები აიღო: თბილისის ტერიტორიაზე სათბური გაზების ინვენტარიზაციის მომზადება, მათ შორის საბაზისო და შესადარებელი სცენარების და ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება. ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია ქალაქის ენერგო მოხმარებით გამოწვეული CO2 ემისიის შემცირება. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს როგორც საბაზისო CO2 ემისიის აღწერას, ასევე CO2 შემცირების მიზანს. “მერთა შეთანხმების” ხელმომწერთა მიზანია 2020 წლისთვის CO2 ემისიის 20% შემცირება, რომლის მიღწევა შესაძლებელია ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის განხორციელებით იმ სფეროებში, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია გავლენა იქონიოს.
ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა თბილისისთვის გულისხმობს:
• დედაქალაქში ენერგო მოხმარების შემცირების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას
• თბილისისთვის საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციის (BEI) მომზადებას
• 2020 წლამდე პერიოდისთვის შერჩეული ენერგოეფექტური ღონისძიებების საშუალებით ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებას
• თბილისის მერიის როლის გაცნობიერებას, როგორც წამყვანი ადმინისტრაციული ძალისა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორებში, ტრანსპორტსა და სახლებში ენერგო მოხმარებასთან და განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია
• ინფორმაციის გავრცელებას ენერგოდაზოგვითი ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით
საბაზისო ემისიის ინვენტარიზაცია (BEI) 2000-2009 წ.წ. განსაზღვრავს თბილისის ტერიტორიაზე (მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის) ენერგიის მოხმარების გამო გამოყოფილი CO2 ემისიის რაოდენობას. შესადარებელი სცენარი აფასებს სათბური გაზების გამოყოფის მიმართულების ტენდენციას 2010 წლიდან 2020 წლამდე პერიოდისთვის. აღებული ვალდებულებების შესასრულებლად შესადარებელი სცენარი (RS) მერთა შეთანხმების ხელმომწერებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ CO2 შემცირების ძირითადი პირობები. შესადარებელი სცენარი (RS) და შემდგომი ემისიის მონიტორინგის ინვენტარიზაცია (MEI) CO2 ემისიის ძირითადი ანტროპოგენული წყაროების განსაზღვრისა და შემცირების ღონისძიებების პრიორიტიზირების საშუალებას იძლევა.
ბენეფიციართა ფართო სპექტრი, დონორებისა და ტექნიკური ექსპერტების ჩათვლით, თანამშრომლობდა თბილისის მერიასთან სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხში. პროექტმა “ნათელი” წვლილი შეიტანა შემდეგ ინიციატივებში:
2011 წლის თებერვალში, USAID-მა დამატებითი დაფინანსება გამოუყო პროექტს ”ნათელი”, რაც ითვალისწინებდა ქალაქის საბაზისო ემისიის ინვენატარიზაციის შემუშავებასა და 2010-2020წ.წ. სათბურის გაზის შესადარებელი სცენარის შეფასებას.
• ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მდგრადი განვითარების ცენტრმა “რემისია” და მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრმა პროექტ “ნათელის” ხელძღვანელობითა და ადმინისტრირებით დაიწყეს მუშაობა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის (SEAP) შემუშავებაზე.
• არასამთავრობო ორგანიზაციამ ”რემისია” თბილისისთვის საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც მოიცავდა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის (SEAP) საბაზისო და შესადარებელ სცენარებს და ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის ურბანული მობილურობისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორების პარაგრაფებს.
• მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრმა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ნაწილზე – შენობების შეფასებაზე დაიწყო მუშაობა. შენობების საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციაში წარმოდგენილი იქნება თბილისის მუნიციპალური და საცხოვრებელი სახლების ენერგო მოხმარებისას ენერგო ნაკადებისა და CO2 ემისიის რაოდენობის გაანგარიშება საბაზისო წლისათვის. ეს ნაშრომი წარმოადგენს ერთგვარ საფუძველს, რომლის მიხედვითაც შემცირების მიზნები და არსებული მიღწევები, ისევე როგორც ემისიის შემცირების მონიტორინგი და შედარება უნდა განხორციელდეს.
• 2011 წლის 30 მარტს პროექტმა ”ნათელი” დაასრულა მუშაობა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის სამ უმსხვილეს ნაწილზე: სამშენებლო სექტორი, საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციის ჩათვლით; ურბანული მობილურობის სექტორი, ტრანსპორტის სექტორის და ქალაქის განათების საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციის ჩათვლით; და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორი, მათ შორის ნაგავსაყრელების, ნახმარი წყლის მენეჯმენტი და მწვანე სივრცეები. 31 მარტს თბილისის მერიამ მერთა შეთანხმების ვებ-გვერდზე ატვირთა აღნიშნული დოკუმენტი, რითაც პროექტ “ნათელის” დახმარებით შეძლო ძალიან მოკლე დროში მოემზადებინა და ჩაებარებინა მნიშვნელოვანი დოკუმენტი.
• პროეტმა “ნათელი” მის ქვეკონტრაქტორ არასამთავრობო ორგანიზაცია “რემისიასთან” ერთად მოამზადა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების საქმოქმედო გეგმის მეთოდოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქალაქებისთვის და იმ ქალაქებისთვის, რომლებიც კიოტოს პროტოკოლის I დანართში არ არიან მოხსენიებულნი ანუ CO2- ის შემცირების არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ. მერთა შეთანხმების ბრიუსელის ოფისს აგრეთვე გადაეცა სახელმძღვანელო მეთოდოლოგია ქ.თბილისის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმაში (SEAP) ენერგეტიკის სექტორის მოდელისა და ტრადიციული საქმიანობის სცენარის (BAU) დასამუშავებლად.ეს მოვლენა თბილისს რეგიონში მისაბაძი ქალაქის მაგალითად აქცევს.
დირექტივების მიხედვით, ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს რეკომენდაციებს გეგმის განხორციელების დამხმარე სტრუქტურის შექმნის და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შესახებ. დღეისთვის, აღნიშნული ორი ნაწილი არ ყოფილა პროექტ “ნათელის” საქმიანობის ფარგლებში. ამგვარად არ მოხდა მათი დოკუმენტში ასახვა და აქედან გამომდინარე სამოქმედო გეგმა დასრულებულად ვერ ჩაითვლება.
იმ შემთხვევაში თუკი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განხორციელდება, 2020 წლისთვის თბილისში CO2-ის ემისია 24% შემცირდება. ამასთან, ქალაქის პარკებისა და მის გარშემო სატყეო სივრცეების გაზრდა და განვითარება CO2 ემისიის შთანთქმას შეუწყობს ხელს. “მერთა შეთანხმებიდან” გამომდინარე, თბილისის მერიის სურვილია ქალაქი სამხრეთ კავკასიის ”მწვანე დედაქალაქად” იქცეს.

